თეგი: რადიო თავისუფლება

სარაკეტო იერიშის შედეგად რადიო "თავისუფლების" კიევის ბიუროს თანამშრომელი დაიღუპა

რუსეთის მიერ კიევში გუშინ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს რადიო „თავისუფლების“ უკრაინული ბიუროს თანამშრომელი, ჟურნალისტი ვერა გირიჩი ემსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმაციას გარდაცვლილის კოლეგებზე დაყდნობით ავრცელებს. ვერა გირიჩი რადიო თავისუფლების კიევის ბიუროში 2018 წლიდან მუშაობდა. გირიჩი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც კორპუსს ჭურვი მოხვდა. ჟურნალისტის ცხედარი დილით ნანგრევებში აღმოაჩინეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ კიევს სულ მცირე ორჯერ დაარტყეს. კიევის მთავრობის ინფორმაციით, ერთი რაკეტა ოცდახუთსართულიან კორპუსს მოხვდა, შევჩენკოს რაიონში. დაიჭრა 10 ადამიანი. დღეს კიევის მერმა განაცხადა, რომ ნანგრევებიან ერთი დაღუპულის ცხედარი ამოასვენეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: კიევის ცენტრში, რამდენიმე მძლავრი აფეთქება მოხდა    

რუსეთში, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი იუნესკოს მსოფლიო პრემიაზე წარადგინეს

ჩეხეთმა და 22 სხვა ქვეყანამ პრესის თავისუფლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის იუნესკოს/გილერმო კანოს მსოფლიო პრემიაზე წარადგინეს რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა, რომელიც გასული წლის გაზაფხულიდან რუსეთში პატიმრობაში იმყოფება. იუნესკოს/გილერმო კანოს მსოფლიო პრემია ყოველწლიურად გადაეცემა პირს ან ორგანიზაციას, რომელმაც "მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პრესის თავისუფლების დაცვაში ან მის პოპულარიზაციაში მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ასეთი საქმიანობა მოიცავს რისკს ან რეპრესიებს." ალსუ კურმაშევას აშშ-ისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. დაკავებამდე ის ქმართან და შვილებთან ერთად პრაღაში ცხოვრობდა. გასული წლის მაისის შუა რიცხვებში ის ოჯახური მდგომარეობის გამო მშობლიურ ქალაქ ყაზანში ჩავიდა. 2023 წლის 2 ივნისს, გაფრენის წინ, ალსუ ყაზანის აეროპორტში დააკავეს. მას ამერიკული და რუსული პასპორტები ჩამოართვეს. რამდენიმე დღეში ჟურნალისტის მიმართ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე მეორე მოქალაქეობის შესახებ შეუტყობინებლობაზე. მას გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს, საქმის გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. ოქტომბერში ყაზანის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 10 ათასი რუბლით დააჯარიმა. განაჩენის გამოცხადებიდან ერთ კვირაში, 18 ოქტომბერს, ჟურნალისტი კვლავ დააკავეს. მას სისხლის სამართლის ახალი ბრალდება წარუდგინეს. ალსუ კურმაშევას ბრალი ედება იმაში, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ წარუდგინა თავისი საბუთები, „უცხოეთის აგენტთა“ რეესტრში შესაყვანად. ეს ამ მუხლით პირველი სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც ჟურნალისტის წინააღმდეგ აღიძრა. 23 ოქტომბერს ალსუ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. თვე-ნახევრის შემდეგ ჟურნალისტის მიმართ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რუსული არმიის წინააღმდეგ „სიყალბის“ გავრცელების ბრალდებით, რასაც საფუძვლად დაედო Idel.Реалии-ს რედაქციის მიერ გამოქვეყნებული წიგნი „არა ომს. 40 ისტორია რუსებზე, რომლებიც უკრაინაში შეჭრას ეწინააღმდეგებიან.“ ყაზანის რაიონულმა სასამართლომ პირველ თებერვალს ჟურნალისტის პატიმრობა 5 აპრილამდე გააგრძელა.